ჰელმუტ შნაიდერი

 

1988-2003 წ.წ.-ში იყო ჰეგელის არქივის დირექტორი. პროფესორი შნაიდერი სამი მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორია. 1971 წელს მან აღმოაჩინა ჰეგელის “ლოგიკის მეცნიერების” პირველი ტომის მე-2-ე, 1832 წლის გამოცემა. ამით ჰეგელის ლოგიკის კვლევისათვის ახალი ტექსტუალური ბაზისი შეიქმნა.

1978 წელს პროფესორმა შნაიდერმა ხელახლა აღმოაჩინა “გერმანული იდეალიზმის სისტემის უძველესი პროგრამა” კრაკოვში (პოლონეთი), რომელიც მანამდე დაკარგულად ითვლებოდა. ეს ტექსტი უაღრესად მნიშვნელოვანია გერმანული იდეალიზმის შემდგომი განვითარების გასაგებად. დაბოლოს, ჰელმუტ შნაიდერის მონაპოვარს წარმოადგენს, აგრეთვე, ჰეგელის ესთეტიკის ლექციების ჩანაწერების (1820-1821 წ.წ.-ის ზამთრის სემესტრი) ერთადერთი ვერსიის აღმოჩენა და გამოცემა. აღნიშნულმა გამოცემამ მნიშვნელოვნად შეასწორა ჰეგელის ესთეტიკის ადრეული გამოცემები და ჰეგელის ესთეტიკის განვითარებაზე (ბერლინის პერიოდი) უფრო სრულყოფილი ცოდნა მოგვცა. ჰელმუტ შნაიდერი არის ჰეგელის კვლევისადმი მიძღვნილი ცნობილი სამეცნიერო გამოცემების “ჰეგელიანასა” და “ჰეგელის წელიწდეულის” რედაქტორ-გამომცემელი.

1999 წელს პროფესორმა შნაიდერმა ვროცლავის (ბრესლაუ) უნივერსიტეტში წარადგინა და დაიცვა საჰაბილიტაციო ნაშრომი: “სული და ისტორია. კვლევები ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ.”

პროფესორი შნაიდერი აქტიურადაა დაინტერესებული აზიური ფილოსოფიით. 1991 წელს მან დააარსა “აზიური ფილოსოფიის შემსწავლელი საზოგადოება”, რომელიც ინტერკულტურულ (ევროპულ-აზიურ) ფილოსოფიურ კვლევებს ახორციელებს.

2009 წლიდან ჰელმუტ შნაიდერი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგეა (გერმანული იდეალიზმისა და ესთეტიკის კუთხით).

2017 წლის 1 თებერვლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.