ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ით უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. მიმდინარე ეტაპზე ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
- ქრისტიანული ფილოსოფია (მაგისტრატურა)
- ქრისტიანული ფსიქოლოგია (მაგისტრატურა)
- ქრისტიანული ფილოსოფია (დოქტორანტურა)
ფაკულტეტის მთავარი საგანმანათლებლო საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ მისმა კურსდამთავრებულებმა შეიძინონ იმ სახის თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული კომპეტენციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე. ამ მიზნით ფაკულტეტზე შემუშავებულია უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგია, რომელიც სტუდენტებს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ადვილად მოპოვებაში.
უცხო ენის (ინგლისური) ღრმად შესწავლის მიზნით უნივერსიტეტი ყველა სტუდენტისთვის უზრუნველყოფს ინგლისურის სპეციალურ კურსებს. ფაკულტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტი ასევე სთავაზობს ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს ინგლისურ ენაზე, რომელსაც გაუძღვებიან მართლმადიდებლური თეოლოგიისა და ქრისტიანული ფილოსოფიის ცნობილი უცხოელი სპეციალისტები.
ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მეცნიერულ კვლევებში ჩართვის მიზნით საგანგებო სამეცნიერო პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი, რომელიც რამდენიმე წელია, რაც ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებსა და კოლოკვიუმებს. არქივი უზრუნველყოფს წარჩინებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომების (სტატიების, თარგმანების, მონოგრაფიების და ა.შ.) დაფინანსებასა და გამოცემას.