სიახლეები
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი შეუერთდა რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმის RESILIENCE-ის მკვლევართა მობილობის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი ყოველწლიურად უმასპინძლებს უცხოელ მკვლევარს, რომელიც პრიორიტეტული ქართული საარქივო მასალების შესწავლასა და გაციფრულებას განახორციელებს.
2023 წლის 16 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და უნივერსიტეტის აკადემიურმა დელეგაციამ შეხვედრა გამართეს საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის (IOTA) ხელმძღვანელებთან და ბორდის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და IOTA-ს შორის აკადემიური თანამშრომლობის გეგმები და შეთანხმდა მათი განხორციელების ეტაპები. IOTA აერთიანებს მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მოღვაწე ასობით მართლმადიდებელ მკვლევარსა და სწავლულს; ორგანიზაცია ხელს უწყობს მკვლევრებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის კომუნიკაციასა და აკადემიურ გაცვლას.
2023 წლის 15 იანვარს, ვოლოსში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შეხვდა პარტნიორი ინსტიტუციის, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის, პრეზიდენტს დეკანოზ ჩად ჰეტფილდს; შეხვედრას ასევე ესწრებოდა დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გეგმები.
2023 წლის 15 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა შეხვედრა გამართეს კემბრიჯის მართლმადიდებლური კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან დრაგოს ჰერესკუსთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა. დაისახა თანამშრომლობის დაწყებისა და ოფიციალური გაფორმების გეგმა.
2023 წლის 14 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო ვოლოსის საერთაშორისო კონფერენციის - „ეკლესიის მისია“ - სესიაში „მეცნიერება და თეოლოგია“. გიორგი კაპანაძემ მოხსენება წაიკითხა შემდეგ თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია მეცნიერული მოდერნიზმის კონტექსტში: გამოწვევები და პერსპექტივები“.
2023 წლის 13 იანვარს, ვოლოსში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ეკლესიის მისია“ - ფარგლებში გაიმართა ქართული სესია „მართლმადიდებლობა საქართველოში". სესია სრულად დაეთმო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა მოხსენებებს. სესიაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები: პროფ. გიორგი ხუროშვილი - ქართული აზროვნების მთავარი იდეები; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - საქართველოს ეკლესიის გზა დასაბამიდან დღემდე; პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - ქართული სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარადიგმები შუა საუკუნეებში; ასოც. პროფ. ირაკლი კახიძე - რელიგიური განწყობები და მათი თავისებურებები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში; პროფ. ლალი ზაქარაძე - ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარების მთავარი ეტაპები საქართველოში.
2023 წლის 13 იანვარს, ვოლოსში მიმდინარე მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის II კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა უნივერსიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა 2015 წლიდან დღემდე. პრეზენტაცია მოიცავდა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი პროექტების მიმოხილვას. პრეზენტაციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუციების ფართო წარმომადგენლობა.
2023 წლის 11 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობს მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და დელეგაციის წევრმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის გახსნის ცერემონიაში. ცერემონიაზე საზეიმო მოხსენება წაიკითხა მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტმა და იაპონიის ეგზარქმა ამბროსიმ (ცოგრაფოსი). მონაწილეების სიტყვით მიმართეს დიმიტრიადის მიტროპოლიტმა იგნატიუსმა და საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
2023 წლის 10 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა, დოქტორმა პანთელის კალაიძიდისმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ვოლოსის აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დემეტრიას მიტროპოლიტი იგნატიუსი. ახალი საქართველოს უნივერსტეტის დელეგაცია გაეცნო ვოლოსის აკადემიის საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები.