მოკლე ისტორია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 1997 წელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაფუძნდა ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. ეს სასწავლებელი წარმოადგენდა უმაღლეს სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასში სწავლება მიმდინარეობდა თბილისის სასულიერო სემინარიის ანალოგიური საგანმანათლებლო პროგრამებით. სკოლაში დაფუძნებიდანვე არსებობდა ორი განყოფილება: (ა) საღვთისმეტყველო და (ბ) კატეხიზატორული. სასწავლებელმა ბინა დაიდო ქ. ფოთში, გურიის ქუჩის პირველ ნომერში არსებულ ისტორიულ შენობაში. მის რექტორად კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით დაინიშნა იმჟამად ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
2009 წელს სასწავლებელს ეწოდა „ფაზისის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აკადემია“. 2012 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაიწყო მისი რეორგანიზება, რის შედეგადაც არსებული აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
2015 წლის 14 დეკემბერს ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის სავალდებულო ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. ამის შედეგად მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევები. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ამჟამად ახორციელებს მაგისტრატურისა (ქრისტიანული ფილოსოფია, ქრისტიანული ფსიქოლოგია) და დოქტორანტურის (ქრისტიანული ფილოსოფია) საგანმანათლებლო პროგრამებს.