სიახლეები
2017 წლის 6-7 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა ჩაატარა სემინარი ჰეგელის ესთეტიკის შესახებ. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ჰეგელის ლექციები ესთეტიკის შესახებ, რომლებიც გერმანელი ფილოსოფოსის ბერლინურ პერიოდს განეკუთვნება. სემინარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
2017 წლის 5 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის ლექცია-მოხსენება თემაზე „ჰეგელის ესთეტიკა: ხელოვნების მეტაფიზიკა და ისტორია“. ლექციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს პროფ. შნაიდერსა და აუდიტორიას შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
გულითადად გილოცავთ ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულებას და ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის უმაღლესი შეფასებით მოპოვებას! შემდგომშიც გისურვებთ წარმატებულ და პროდუქტიულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას!
უღრმესი სიყვარულითა და პატივისცემით,
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია
2017 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი ღონისძიება - ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი“.
2017 წლის 15-24 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი მიწვეული იყო ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი). ვიზიტის ფარგლებში მან ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციათა ციკლი პოლიტიკისა და სამართლის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ. 19 მაისს ასოც. პროფესორმა ხუროშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკის საერთაშორისო აკადემიური კვირეულის პლენარულ სესიაშიც, სადაც წაიკითხა მოხსენება თემაზე: „რუსეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა: ევროპული უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“.
2017 წლის 9 მაისს, 13:00 საათზე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ლონდონის კონფლიქტებისა და სახელმწიფოებრიობის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ დენის სამუტის საჯარო ლექცია თემაზე:„სამხრეთ კავკასია მომდევნო ათწლეულში: ფრაგმენტაცია, ინტეგრაცია თუ იზოლაცია?“ მომხსენებელმა დეტალურად გააანალიზა სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება და საინტერესოდ წარმოაჩინა რეგიონის წინაშე არსებული რთული გამოწვევები.
დოქტორ დენის სამუტის ლექცია გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში.
2017 წლის 27 აპრილს, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კახიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სოციალური მედია და თანამედროვე საზოგადოება“. მოხსენება გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში.
2017 წლის 4 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ბ-ნი უილიამ ლაჰიუ. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში“, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. ამავე დღეს ბატონი ლაჰიუ შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს.
2017 წლის 4 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი სხდომა თემაზე „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“. შეხვედრის ფარგლებში ასოც. პროფესორმა გიორგი თავაძემ და ასოც. პროფესორმა გიორგი ხუროშვილმა წარმოადგინეს მოხსენებები ქრისტიანობისა და მეცნიერების მიმართების შესახებ საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან.
2017 წლის 27 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი იოს დოუმა. ელჩი დოუმა შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერი პირებს. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.