სიახლეები

2017 წლის 15 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დოქტორ კაუპო კანდის მოხსენება. მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესახებ და მიმოიხილა მის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გარდა ამისა, მან განმარტა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ისტორია. მომხსენებელმა ასევე აღწერა სხვა წარსული და მიმდინარე კონფლიქტები და შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

15.03.2017

2017 წლის 21 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Homo sovieticus: აზროვნების დეგრადირება საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები.

21.02.2017

შუა საუკუნეების ფილოსოფიის თვალსაჩინო გერმანელი მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი უდო რაინჰოლდ იეკი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. პროფ. იეკი არის XIV საუკუნის მნიშვნელოვანი (ნეო)პლატონიკოსის, ბერთოლდ მოსბურგელის „პროკლეს-კომენტარის“ ვრცელი ტექსტის ერთ-ერთი გამომცემელი და საყოველთაოდ ცნობილი ინტერპრეტატორი. მასვე ეკუთვნის არისტოტელესა და ავგუსტინეს დროის თეორიის შუა საუკუნეების აზროვნებაში არსებული რეცეფციების ორიგინალური ინტერპრეტაცია. 2008-2010 წწ. უდო იეკი იყო ლიუნებურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ამჟამად იგი მოღვაწეობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში.

10.02.2017

ჰეგელის ფილოსოფიის აღიარებული მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი ჰელმუტ შნაიდერი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. 1988-2003 წწ. პროფ. ჰელმუტ შნაიდერი ხელმძღვანელობდა ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ჰეგელის არქივს, ამჟამად იგი მოღვაწეობს კასელის უნივერსიტეტში. პროფ. შნაიდერი არის სამეცნიერო სერია „ჰეგელიანას“ რედაქტორი, ჰეგელის წელიწდეულის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, მას ეკუთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰეგელის ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. 

02.02.2017

2017 წლის 31 იანვარსა და 1 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ჰეგელის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ჰეგელის პოლიტიკური აზროვნების  საკვანძო თემები და ცნებები. სემინარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

31.01.2017

2017 წლის 30 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, მუდმივმოქმედი სემინარის „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ ფარგლებში, გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის მოხსენება თემაზე: „ჰეგელი კოლონიებისა და კოლონიალიზმის შესახებ“.

30.01.2017

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

თქვენი განსაკუთრებული მზრუნველობა საქართველოში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისათვის უდიდესი სტიმულია ჩვენი უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლისათვის.

დაე, დიდხანს ყოფილიყავით სრულიად საქართველოს მწყემსმთავარი და მისი სულიერი წინამძღოლი!

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

ღრმა მოწიწებითა და დიდი სიყვარულით,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლები

04.01.2017

2016 წლის 7 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. მათ პრეზენტაცია გამართეს იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებსაც აშშ-ს მთავრობა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. 

07.12.2016

2016 წლის 29 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული აზროვნება და თანამედროვეობა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

29.11.2016

2016 წლის 19 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, მუდმივმოქმედი სემინარის „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ ფარგლებში, გაიმართა პროფ. ლალი ზაქარაძის მოხსენება თემაზე: „განათლება და ტოლერანტობა“. მომხსენებელმა საფუძვლიანად გააანალიზა ტოლერანტობის ცნების მნიშვნელობა და წარმოადგინა მისი ისტორიულ-ფილოსოფიური კონტექსტი. მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში ტოლერანტობისა და განათლების ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე და, ასევე, მიუთითა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ მხრივ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. მოხსენებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები. მოხსენების დასასრულს გაიმართა ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსია. 

19.11.2016