სიახლეები

2017 წლის 15-24 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი მიწვეული იყო ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი). ვიზიტის ფარგლებში მან ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციათა ციკლი პოლიტიკისა და სამართლის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ. 19 მაისს ასოც. პროფესორმა ხუროშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკის საერთაშორისო აკადემიური კვირეულის პლენარულ სესიაშიც, სადაც წაიკითხა მოხსენება თემაზე: „რუსეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა: ევროპული უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“. 

25.05.2017

2017 წლის 9 მაისს, 13:00 საათზე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ლონდონის კონფლიქტებისა და სახელმწიფოებრიობის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ დენის სამუტის საჯარო ლექცია თემაზე:„სამხრეთ კავკასია მომდევნო ათწლეულში: ფრაგმენტაცია, ინტეგრაცია თუ იზოლაცია?“ მომხსენებელმა დეტალურად გააანალიზა სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება და საინტერესოდ წარმოაჩინა რეგიონის წინაშე არსებული რთული გამოწვევები.

დოქტორ დენის სამუტის ლექცია გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში. 

10.05.2017

2017 წლის 27 აპრილს, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კახიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სოციალური მედია და თანამედროვე საზოგადოება“. მოხსენება გაიმართა მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში. 

28.04.2017

2017 წლის 4 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ბ-ნი უილიამ ლაჰიუ. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში“, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. ამავე დღეს ბატონი ლაჰიუ შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს. 

05.04.2017

2017 წლის 4 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი სხდომა თემაზე „ქრისტიანობა და თანამედროვე მეცნიერება“. შეხვედრის ფარგლებში ასოც. პროფესორმა გიორგი თავაძემ და ასოც. პროფესორმა გიორგი ხუროშვილმა წარმოადგინეს მოხსენებები ქრისტიანობისა და მეცნიერების მიმართების შესახებ საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან.

05.04.2017

2017 წლის 27 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი იოს დოუმა. ელჩი დოუმა შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერი პირებს. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

29.11.2018

2017 წლის 15 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დოქტორ კაუპო კანდის მოხსენება. მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესახებ და მიმოიხილა მის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გარდა ამისა, მან განმარტა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ისტორია. მომხსენებელმა ასევე აღწერა სხვა წარსული და მიმდინარე კონფლიქტები და შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

15.03.2017

2017 წლის 21 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Homo sovieticus: აზროვნების დეგრადირება საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები.

21.02.2017

შუა საუკუნეების ფილოსოფიის თვალსაჩინო გერმანელი მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი უდო რაინჰოლდ იეკი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. პროფ. იეკი არის XIV საუკუნის მნიშვნელოვანი (ნეო)პლატონიკოსის, ბერთოლდ მოსბურგელის „პროკლეს-კომენტარის“ ვრცელი ტექსტის ერთ-ერთი გამომცემელი და საყოველთაოდ ცნობილი ინტერპრეტატორი. მასვე ეკუთვნის არისტოტელესა და ავგუსტინეს დროის თეორიის შუა საუკუნეების აზროვნებაში არსებული რეცეფციების ორიგინალური ინტერპრეტაცია. 2008-2010 წწ. უდო იეკი იყო ლიუნებურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ამჟამად იგი მოღვაწეობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში.

10.02.2017

ჰეგელის ფილოსოფიის აღიარებული მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი ჰელმუტ შნაიდერი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. 1988-2003 წწ. პროფ. ჰელმუტ შნაიდერი ხელმძღვანელობდა ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ჰეგელის არქივს, ამჟამად იგი მოღვაწეობს კასელის უნივერსიტეტში. პროფ. შნაიდერი არის სამეცნიერო სერია „ჰეგელიანას“ რედაქტორი, ჰეგელის წელიწდეულის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, მას ეკუთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰეგელის ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. 

02.02.2017