სიახლეები

2019 წლის 6 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) ლექცია „მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის ფარგლებში, მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ისაუბრა ეკლესიის მამების საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შემოქმედების შესახებ და თანამედროვე საგანმანათლებლო-საუნივერსიტეტო სივრცეში ამ მემკვიდრეობის ინტეგრირების აუცილებლობაზე. მან, ასევე, განიხილა ამ მემკვიდრეობის აღმოსავლური და დასავლური მოდელები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

06.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ინსტიტუციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის იმპლემენტაციის საკითხები, დაიგეგმა კონკრეტული სამეცნიერო, სასწავლო და მათარგმნელობითი პროექტები.

06.05.2019

2019 წლის 5 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ეთიკის თანამედროვე მოდელების შესახებ, სემინარს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია და მიხეილ გოგატიშვილი, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ეთიკის მოდელები თანამედროვე ფრანგულ და ამერიკულ აზროვნებაში. 

05.05.2019

2019 წლის 4 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ვიზიტად მყოფი ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი შეხვდა სასულიერო პირებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებულ პირებს. შეხვედრის ფარგლებში დეკანოზ ჰეტფილდთან გაიმართა დისკუსია მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე გამოწვევებზე და მათი გადალახვის გზებზე. 

04.05.2019

2019 წლის 3 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს,თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე: „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური ხმა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
03.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებები. 2019 წლის 2 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

02.05.2019

2019 წლის 18 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზში, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ,,დედა-ენის კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა ფერეიდნელი ქართველი ისტორიკოსის, საიდ მულინის საჯარო ლექცია თემაზე „ქართული ენის სწავლება ირანში“. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, ქ. ფოთის მერიის წარმომადგენლები. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. 

18.04.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზსს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამ გადაწყვეტილებით უნივერსიტეტი პატივს მიაგებს საქართველს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და მემკვიდრეობას, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2019 წლის 9 აპრილს, საზეიმოდ გაიხსნა პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დარბაზი, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

09.04.2019

2019 წლის 2 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაზე, თანამედროვე მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

02.04.2019

2019 წლის 23 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ეკლესიის ისტორიის დოქტორის, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარის, ბატონი დავით თინიკაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „აღმოსავლელი მამები აპოკატასტასისის შესახებ“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

23.03.2019