საპატიო დოქტორები

დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

15.09.2019
 

დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (ტიმოთი რიჩარდ უეარი) დაიბადა 1934 წელს დიდ ბრიტანეთში, სომერსეტში, ქალაქ ბათში. 1958 წელს, მან მიიღო მართლმადიდებლობა. იგი სწავლობდა ოქსფორდში, კლასიკურ მიმართულებაზე, სადოქტორო დისერტაცია კი შეასრულა მარკოზ მონაზონის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შესახებ. მისი ინტელექტუალური მასწავლებლები იყვნენ პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი და ვლადიმერ ლოსკი მისი სულიერი მასწავლებლები კი წმიდა იოანე შანხაელი და წმიდა ამფილოქე (მაკრისი) პატმოსელი.  

1965 წელს მას ხელი დაასხეს დიაკვნად. მან ერთი წელი გაატარა კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი), წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, სადაც 1966 წელს მონაზვნად აღკვეცეს და ეწოდა სახელი კალისტე. ამავე წელს მას ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1966 წელს იგი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და თიატირელი არქიეპისკოპოსის ათინაგორა II-ის მდივანი გახდა.

დაბრუნების შემდგომ მღვდელმონაზონი კალისტე ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც 1966 წლიდან 2001 წლამდე კითხულობდა ლექციებს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. 1979 წლიდან ის ხელმძღვანელობდა ბერძნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს ოქსფორდში. 1982 წელს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდგომ, მეუფე კალისტოსი დაინიშნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიკარად (ქორეპისკოპოსად) დიდ ბრიტანეთში და იმავდროულად, თიატირისა და დიდი ბრიტანეთის არქიეპისკოპოსის თანაშემწედ და ეპისკოპოს კალისტეს დიოკლიის ეპისკოპოსის ტიტული მიენიჭა.

2001 წლიდან დღემდე, იგი არის კემბრიჯის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არის მართლმადიდებლურ-ანგლიკანური დიალოგის შერეული კომისიის თავმჯდომარე. ხელმძღვანელობს საზოგადოებებს „მართლმადიდებლობის მეგობრები კუნძულ აიონაზე“ და „ათონის მთის მეგობრები“. 2007 წლის 30 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დიოკლიის ეპისკოპოს კალისტოსს  მიტროპოლიტის ტიტული უბოძა.

მიტროპოლიტ კალისტეს ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ითარგმნა „სადღესასწაულო თვენი“, „მარხვანი“ („ტრიოდიონი“), ასევე „სათნოებათმოყვარეობის“ 4 ტომი. მისი რჩეული ნაშრომებია „მართლმადიდებლური ეკლესია“ (1963 წ.), „ევსტრატიუს არგენტი: გამოკვლევა თურქების უღელქვეშ არსებული ბერძნული ეკლესიის შესახებ“ (1964 წ.), „მართლმადიდებლობის გზა“ (1979 წ.) „შინაგანი საუფლო: რჩეული თხზულებები“, ტ. 1, (2000 წ.), „სამების სახით: რჩეული თხზულებები“, ტ. 2, (2006 წ.). იგი არის 200-ზე მეტი სტატიის ავტორი, რომლებიც,  ეძღვნება  მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, აღმოსავლურ პატრისტიკას და თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს 30 ენაზე.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2018 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, მიტროპოლიტ კალისტე უეარს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.