სიახლეები

ასოცირებული პროფესორის გიორგი თავაძის მოხსენება

21.02.2017

2017 წლის 21 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, მუდმივმოქმედი სემინარის - „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ - ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Homo sovieticus: აზროვნების დეგრადირება საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები.

მოხსენებაში გიორგი თავაძემ განიხილა საბჭოთა ადამიანის ანუ ჰომო სოვიეტიკუსის ფენომენი და ის სოციალურ-პოლიტიკური სივრცე, რომელშიც მილიონობით საბჭოთა მოქალაქეს უწევდა ცხოვრება. ეს იყო სივრცე, სადაც ადამიანების მიმართება რეალობასთან იმთავითვე დამახინჯებული იყო: არ არსებობდა ზღვარი უტოპიასა და რეალობას შორის. საბჭოთა კავშირი ერთგვარი კუნძული იყო, რომელიც გამიჯნული იყო დანარჩენი სამყაროსაგან. სახელმწიფო თავის თავზე ჰქონდა აღებული მოქალაქეთა ცხოვრების წარმართვის ამოცანა, რამაც სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა გამოიწვია. საბჭოთა მოქალაქეები ვერ ახდენდნენ თავიანთი პოლიტიკური უფლებების რეალიზაციას, რადგან პოლიტიკის სფერო კომუნისტური პარტიის მიერ იყო მონოპოლიზებული.

სამოცდაათწლიანმა საბჭოთა მმართველობამ ადამიანთა ცნობიერებაზე ერთობ მავნე ზეგავლენა მოახდინა და სამოქალაქო აზროვნების დეგრადირება გამოიწვია. მომხსენებელმა განიხილა ეს ნეგატიური შედეგები საქართველოს უახლესი ისტორიის კონტექსტში და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც თანამედროვე ქართული საზოგადოება დგას. მისი აზრით, საბჭოთა მემკვიდრეობის მავნე ასპექტების დაძლევა საკუთარი ინტელექტუალური ტრადიციის ადეკვატურად გააზრებაში მდგომარეობს. ქართული ინტელექტუალური ტრადიციის წარმმართველი მომენტი კი ყოველთვის იყო ღიაობა, ინტერკულტურულობა და განსხვავებულ კულტურებთან და ხალხებთან კომუნიკაციისათვის მზაობა.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი თეზისების ირგვლივ.