აბიტურიენტის გზამკვლევი
ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა
რატომ ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა?
ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა დიდ სიახლეს წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამა საქართველოში მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მკვლევარი-სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანობის არსისა და ქრისტიანული კულტურის ღრმა ფილოსოფიური ანალიზი, რომელიც დაფუძნებული იქნება ინტერდისციპლინურ კვლევით მეთოდოლოგიაზე.
სწავლის პროცესში დოქტორანტები იმუშავებენ ქრისტიანული ფილოსოფიის საუკეთესო ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ. მათ ასევე მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, რაც ამ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს შესაძლებლობას მისცემს, ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით თავიანთი ცოდნა და კვლევითი უნარ-ჩვევები გაიღრმავონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში.
ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ბაზაზე, რომელიც ფლობს მდიდარ ბიბლიოთეკას ფილოსოფიის/ქრისტიანული ფილოსოფიის სფეროში.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლა შეუძლია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც გაივლის შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრებას.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს (6 სემესტრს). დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 180 ECTS კრედიტი.
პროგრამის უპირატესობები:
- ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა საქართველოში პირველად და ჯერჯერობით მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება.
- ამ პროგრამის სტუდენტების მეცნიერულ კვლევებში ჩართვის მიზნით საგანგებო სამეცნიერო პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის საუკეთესო ქართველი სპეციალისტებით. არქივი უზრუნველყოფს წარჩინებული დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომების (სტატიების, თარგმანების, მონოგრაფიების და ა.შ.) დაფინანსებასა და გამოცემას.
- პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური რესურსი (პროფესორები, ასოც. პროფესორები და მოწვეული პროფესორები) წარმოადგენენ ქრისტიანული ფილოსოფიის საუკეთესო სპეციალისტებს საქართველოში.
- პროგრამის სტუდენტები სპეციალურ კურსებს გაივლიან ქრისტიანული ფილოსოფიის აღიარებულ უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევითა და ფინანსური მხარდაჭერით საგანგებოდ მათთვის ჩაატარებენ ლექციებსა და ბლოკ-სემინარებს.