აბიტურიენტის გზამკვლევი

ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა

რატომ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა? 

ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა დიდ სიახლეს წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამა საქართველოში მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალი დონის სპეციალისტთა მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანული მართლმადიდებელი კულტურის ღრმა და ყოვლისმომცველი ფილოსოფიური ანალიზი. ამ ტიპის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა არსებობს ქართულ საუნივერსიტეტო და, საერთოდ, საჯარო სივრცეში, რადგან (საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის მავნებლური მემკვიდრეობის შედეგად) ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოების ადეკვატური/საფუძვლიანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური შესწავლა/ანალიზი ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. არადა, ამ ტრადიციის ჯეროვანი ცოდნა და გათავისება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე. 

სწავლის პროცესში სტუდენტებს ლექცია-სემინარებს ჩაუტარებენ ქრისტიანული ფილოსოფიის, თეოლოგიისა და სოციოლოგიის წამყვანი ქართველი სპეციალისტები. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ საჯარო ლექციების კურსი ქრისტიანული ფილოსოფიის წამყვანი უცხოელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, რომელთა სასწავლო პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. 

პროგრამაზე მიღების წინაპირობები: 

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ასევე ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებს შემდეგ საგნებში (ჩასაბარებელი საკითხების ნუსხა წინასწარ მიეწოდებათ კონკურში მონაწილეობის მსურველთ):

(ა) ფილოსოფიის საფუძვლები.

(ბ) ქრისტიანობის საფუძვლები.

(გ) უცხო ენა. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 

ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (4 სემესტრს). მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 120 ECTS კრედიტი. 

დასაქმების პერსპექტივები: 

ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ანუ ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრს შესაძლებლობა ექნება იმუშავოს სხვადასხვა განხრით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში. დასაქმების პრიორიტეტულ მიმართულებებად შეიძლება ჩაითვალოს: 

  • საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სასულიერო სემინარიები და სკოლები;
  • ფილოსოფიის/ქრისტიანული ფილოსოფიის ლექტორი/მასწავლებელი;
  • ფილოსოფიის/თეოლოგიის ექსპერტი;
  • რელიგიური საკითხების ანალიტიკოსი;
  • სამეცნიერო კარიერის გაგრძელება ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო ცენტრებში;
  • მასობრივი მედია (ტელევიზია, პრესა და სხვ.) და საგამომცემლო საქმიანობა. 

სწავლის გაგრძელების პერსპექტივა: 

სწავლის დასრულების შემდეგ ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა და აკადემიური მოღვაწეობა გააგრძელონ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების დოქტორანტურაში ფილოსოფიის, ქრისტიანული ფილოსოფიის, თეოლოგიის, შუა საუკუნეების კვლევების, ქრისტიანული კულტურის და სხვ. მიმართულებით. 

პროგრამის უპირატესობები: 

  • ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა საქართველოში პირველად და ჯერჯერობით მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება.
  • ახალი საქართველოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს წარჩინებული მაგისტრანტების სამეცნიერო ნაშრომების დაფინანსებასა და გამოცემას.
  • პროგრამას განახორციელებენ ქრისტიანული ფილოსოფიის საუკეთესო სპეციალისტები საქართველოში.
  • პროგრამის სტუდენტები სპეციალურ კურსებს გაივლიან ქრისტიანული ფილოსოფიის აღიარებულ უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევითა და ფინანსური მხარდაჭერით საგანგებოდ მათთვის ჩაატარებენ ლექციებსა და ბლოკ-სემინარებს.
  • პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს შეეძლებათ სტაჟირება გაიარონ ევროპის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. მათ უცხოეთში მივლინებას და დაფინანსებას ნაწილობრივ უზრუნველყოფს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
  • პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ცოდნა ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით გაიღრმავონ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში და ჩაირიცხონ ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. 

სწავლის გადასახადი: 

პროგრამის წლიური გადასახადი შეადგენს 2000 ლარს.

სამაგისტრო პროგრამის სრული საფასურია 4000 ლარი.