News

2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რის შემდეგაც მან უნგრულ-ქართული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ წაიკითხა ლექცია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის; ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეები.

31.10.2018

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფილოსოფიურ კონგრესში „ეთიკა, პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია“, რომელიც 2018 წლის 24-27 ოქტომბერს ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია) გაიმართა. პროფესორი ირემაძე კონგრესზე წარსდგა მოხსენებით: „სახელმწიფოს ფილოსოფია და სამართლის თეორია ქართულ განმანათლებლობაში“.

28.10.2018

2018 წლის 20 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსტეტს სტუმრობდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს, პროფ. თენგიზ ირემაძეს, უნივერსიტეტს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, გაეცნო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანთლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს.  

20.10.2018

2018 წლის 15 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა სასწავლო პროცესი. ფოთის საკათედრო ტაძარში აღევლინა პარაკლისი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში გაიმართა 2018-2019 აკადემიური წლის დაწყების საზეიმო ცერემონია, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაცის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და სხვ. აღსანიშნავია, რომ წელს სრულად შეივსო სამაგისტრო პროგრამებზე დაშვებული ადგილების რაოდენობა, ამავდროულად, ამ წელს, პირველად, განხორციელდა მიღება ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე.

15.10.2018

2018 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართა საქართველოში მიღვაწე თეოლოგებისა და საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და სტუდენტების შეხვედრა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეართან. შეხვედრაზე მიტროპოლიტმა კალისტემ შესავალ სიტყვაში ისაუბრა თანამედროვეობაში მართლამდიდებელი რელიგიისა და თეოლოგიის გამოწვევებზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ეკლესია და სახელმწიფო, ბიოეთიკა, ეკოლოგია, ქრისტიანული მისიონერობა, გენდერი, ქრისტიანული ანთროპოლოგია და სხვა.

10.10.2018

2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მიტროპოლიტმა კალისტემ წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ და ისაუბრა მიტროპოლიტ კალისტეს დამსახურებასა და ღვაწლზე მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემოსვანეთის და გურიის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები.

09.10.2018

2018 წლის 27 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა შვედეთის სამეფოს ქ. ოსტამარის დელეგაცია, ვიცე-მერის ქ-ნი მარგარეტა ვიდენბერგერის ხელმძღანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან მიტროპოლიტ გრიგოლთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, მიტროპოლიტმა გრიგოლმა სტუმრებს გააცნო ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტები.

27.09.2018

2018 წლის 20 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „ნაციონალიზმი და თანამედროვეობა“. სემინარის უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, იოახიმ ფონ ვედელი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა, ნაციონალიზმის წარმოშობის განვითარებისა და მისი თანამედროვე მდგომარეობის ასპექტები. გაიმართა დისკუსია ნაციონალიზმის ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკური, კულტურული, ფილოსოფიური და რელიგიური კონტექსტების შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. 

20.09.2018

2018 წლის 18-19 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში - რუსული ევრაზიიზმის იდეა“. კონფერენცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში უკრაინის ელჩი ბ-ნი იგორ დოლოგოვი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ბ-ნი იოშ დოუმა და ქ. ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, პოლიტიკური ექსპერტები, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

19.09.2018

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრმა, მღვდელმა გიორგი ცქიტიშვილმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო სემინარიაში (ნიუ-იორკი, აშშ), მოიპოვა ამავე სასწავლებლის დაფინანსება და ჩაირიცხა სემინარიის ღვთისმეტყველების სამაგისტრო პროგრამაზე. უნივერსიტეტი ულოცავს მღვდელ გიორგი ცქიტიშვილს ამ დიდ წარმატებას.

10.09.2018