News

2022 წლის 22 ნომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიიღო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები: დანიის სამეფოს ელჩი ქ-ნი ანე ტოფტ სორენსენი, შვედეთის სამეფოს ელჩი ბ-ნი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი ქ-ნი რინა კალიურანდი, ლიეტუვის ელჩი ბ-ნი ანდრიუს კალინდრა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ბ-ნი ვინსენტ დონტო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დეკანოზი თევდორე ბასილაია. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და გამოიკვეთა აღნიშნულ საელჩოებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

22.11.2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების პირადი წიგნადი ფონდებითა და საარქივო მასალებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, არჩილ ბეგიაშვილის (1928-1996 წწ.) ოჯახმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტს გადასცა მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საარქივო მასალები. ფილოსოფოსის სამუშაო წიგნადი ფონდი შედგება უაღრესად ღირებული ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული გამოცემებისგან, ხოლო საარქივო მასალები კი მოიცავს არჩილ ბეგიაშვილის გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ სამეცნიერო ნაშრომებს ანალიზური ფილოსოფიის, შემეცნების თეორიისა და ალეთეიოლოგიის შესახებ. 

03.11.2022

2022 წლის 24 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვივნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები იან მაკგინითი და ენდრიუ ლინდერი, მათთან ერთად, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს თენგიზ ირემაძეს. დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა ვაშინგტონში. დღევანდელი საპასუხო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

24.09.2022

2022 წლის 19 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა ქრისტოს იანარასმა რამდენიმე კურსდამთავრებულს შესაბამისი დიპლომები გადასცეს. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ ნიკოლოზ კოპალეიშვილს და ბესიკ მაშავას. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ სანდრო ქუშაშვილს, სოფიო ნადირაშვილს, მღვდელ ილია ვარშანიძეს და ლანა ლუხუტაშვილს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს მიტროპოლიტმა გრიგოლმა, პროფ. იანარასმა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა.

19.09.2022

2022 წლის 18 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მთარგმნელისა და მეცნიერის პროფ. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიას საარქივო მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მისი საარქივო მემკვიდრეობა გადაეცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიას შემოქმედების შესახებ ვრცელი მოხსენება წარადგინა პროფ. ლალი ზაქარაძემ. პროფ. ლაბუჩიძის შესახებ ისაუბრეს მისმა კოლეგებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პროფესორი ქრისტოს იანარასი და ქ-ნი დოდოს შვილი პროფ. მარიამ ხოფერია, რომლის გადაწყვეტილებითაც მოხდა არქივის გადმოცემა.

 

18.09.2022

2022 წლის 17 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია პროფ. ქრისტოს იანარასთან. დისკუსია შეეხებოდა თანამედროვე თეოლოგიისა და ფილოსოფიის სხვადასხვა საკითხებს: ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანობა, სულისა და სხეულის მიმართება, პიროვნება, პოლიტიკური თეოლოგია, ბიოეთიკა, პოლიტიკური იდეოლოგიები და სხვა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. 

17.09.2022

2022 წლის 16 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფ. ქრისტოს იანარასის ინაუგურაციის ცერემონია. საზეიმო ღონისძიებაზე ქრისტოს იანარასს მიენიჭა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ახალ საპატიო დოქტორს შესაბამისი ინსიგნიები გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. ცერემონიის ფარგლებში ქრისტოს იანარასმა წაიკითხა საზეიმო მოხსენება. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

16.09.2022

2022 წლის 12 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე), ვენის წმ. ეფრემ ასურის სახელობის დასავლეთ-აღმოსავლეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის (STEP) ხელმძღვანელები პროფესორი, დოქტორი მიხაელა ჰასთეთერი და მღვდელმონაზონი ეფრემ ლომიძე (დოქტორი, პროფესორი). გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი, პროფ. თენგიზ ირემაძე და პროფ. ლალი ზაქარაძე. შეხვედრაზე განხილული იქნა ინსტიტუციების მიერ განხორციელებული საქმიანობა და დასახული იქნა ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა.

 

12.08.2022

2022 წლის 6-21 აგვისტოს ბუდაპეშტის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) ტარდება ინტერდისციპლინური საზაფხულო სკოლა „ქრისტიანული მემკვიდრეობის ხელახალი დამოწმება“, რომელიც ეძღვნება ქრისტიანული კულტურის/მემკვიდრეობის აქტუალურ საკითხებსა და მის მნიშვნელობას თანამედროვე (გლობალურ) სამყაროში. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტები გიორგი კაპანაძე და გიორგი ჭანიძე.

08.08.2022
2022 წლის 25 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის ნიკოლოზ კოპალეიშვილის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე „ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური ანთროპოლოგია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ირემაძე).
 
დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ნიკოლოზ კოპალეიშვილს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
25.07.2022