News

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას არჩილ ბეგიაშვილის არქივი გადაეცა (EN)

03.11.2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების პირადი წიგნადი ფონდებითა და საარქივო მასალებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, არჩილ ბეგიაშვილის (1928-1996 წწ.) ოჯახმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტს გადასცა მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საარქივო მასალები. ფილოსოფოსის სამუშაო წიგნადი ფონდი შედგება უაღრესად ღირებული ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული გამოცემებისგან, ხოლო საარქივო მასალები კი მოიცავს არჩილ ბეგიაშვილის გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ სამეცნიერო ნაშრომებს ანალიზური ფილოსოფიის, შემეცნების თეორიისა და ალეთეიოლოგიის შესახებ. ამ საარქივო მასალებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია არჩილ ბეგიაშვილის ვრცელი ნაშრომი „ფილოსოფია“, რომლის მხოლოდ რამდენიმე მცირე ფრაგმენტია გამოქვეყნებული. გარდა ამისა, არქივი მოიცავს არჩილ ბეგიაშვილის პირად მიმოწერასა და კორესპონდენციას XX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპელ ფილოსოფოსებთან, სამეცნიერო პერიოდიკისა და ცნობილი დასავლური გამომცემლობების რედაქტორებთან. სამომავლოდ, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი გეგმავს არჩილ ბეგიაშვილის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ტექსტებისა და პირადი მიმოწერის გამოცემას, ასევე, მისი ორიგინალური ფილოსოფიური აზროვნების შესახებ ახალი ნაშრომების გამოქვეყნებას. აღნიშნული კვლევითი პროექტის მიზანია ამ მეტად მნიშვნელოვანი ქართველი ფილოსოფოსის მდიდარი შემოქმედების საფუძვლიანი შესწავლა.