სიახლეები

სამეცნიერო ვიზიტი იტალიაში

09.06.2026

2026 წლის 5-9 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ ურბინოში. ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ურბინოს უნივერსიტეტს შორის რამდენიმე წელია, რაც ინტენსიური სამეცნიერო ურთიერთობა არსებობს. ამ ურთიერთობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები. გარდა ამისა, ურბინოს უნივერსიტეტში - საუნივერსიტეტო მობილობის ფარგლებში - სხვადასხვა დროს მიწვეული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის არაერთი წარმომადგენელი. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი კი გახლდათ ურბინოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და პოლიტიკის დეპარტამენტისა (DESP) და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების „რელიგია და ფილოსოფია თანამედროვეობაში“ შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რასაც საფუძვლად დაედო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამომცემლობაში („Aracne editrice“) ამა წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კრებული „ფილოსოფია და რელიგია წარსულსა და თანამედროვეობაში“, რომელშიც ცნობილი უცხოელი მკვლევრების (იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ) სამეცნიერო ნაშრომებთან ერთად დაიბეჭდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა უახლესი გამოკვლევებიც ქრისტიანული ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესახებ. ამავე ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ურბინოს უნივერსიტეტსა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის.