სიახლეები

პროფ. რიჩარდ სუინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

25.05.2023

2023 წლის 25 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალი საპატიო დოქტორის, პროფ. რიჩარდ სუინბერნის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის წარდგინების საფუძველზე, ქრისტიანული აზროვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, უნივერსიტეტმა პროფ. სუინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფ. სუინბერნს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუსი პროფესორი რიჩარდ სუინბერნი თანამედროვე რელიგიის ფილოსოფიისა და ანალიზური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი არის ბრიტანეთს აკადემიის წევრი, ჯეიმს ჯოისის პრემიის ლაურეატი, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. პროფ. სუინბერნის აკადემიური მოღვაწეობა 60-ზე მეტ წელს ითვლის, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ინგლისურ სამყაროში, რელიგიის ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეიზმის თეორიული განვითარების საქმეში. იგი არის 18 წიგნისა და 200-ზე მეტი აკადემიური სტატიის ავტორი, მისი ნაშრომები თარგმნილია 23 ენაზე.