სიახლეები

მიტროპოლიტ გრიგოლს ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

14.05.2022
2022 წლის 14 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. წმ. ვლადიმირის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა ქრისტიანული განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
 
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ნიუ-იორკში, წმ. ვლადიმირის სემინარიის კამპუსში. მიტროპოლიტ გრიგოლს საპატიო წოდება გადასცეს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ტიხონმა და სემინარიის პრეზიდენტმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა.
 
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ დეტროიტის მთავარეპისკოპოსი ნათანიელი (რუმინული ეპისკოპატი), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია) და სხვა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები. ცერემონიას ესწრებოდნენ სემინარიის პროფესორები, სტუდენტები, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები და საპატიო სტუმრები.