სიახლეები

ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

02.05.2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი მონაწილეობას იღებს მორიგ კვლევით პროექტში „ფერთა თეორია ისტორიციზმსა და იდეალიზმს შორის“, რომელიც ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლა ლოპერფიდოს (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ინიცირებით ხორციელდება. ეს პროექტი ეხება იდეალისტური აზროვნებისა და ნატურფილოსოფიის გადაკვეთის წერტილებს და მიზნად ისახავს ფერთა თეორიის პრობლემატიკის წარმოდგენასა და კრიტიკულ ანალიზს გ. ვ. ფ. ჰეგელის აზროვნების ჭრილში. კერძოდ, მასში გაკრიტიკებულია ფრანგი ისტორიკოსისა და სოციოლოგის, მიშელ პასტუროს (დაბ. 1947 წ.) ისტორიცისტული ხედვები, რომლებსაც პროფ. რინალდი აბსოლუტური იდეალიზმის ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტების კატეგორიას უპირისპირებს. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პროექტი რელატივისტური თეორიებისა და ობიექტური, ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული ხედვების შეპირისპირებას (ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ) ახდენს. პროფ. რინალდი, ისტორიციზმის ცვალებადი, რელატიური მოცემულობების მძაფრი კრიტიკის შუქზე, ყოფიერების მატერიალური გამოვლინებების - ფერების - დიალექტიკური ონტოლოგიის ჭრილში ახსნას ცდილობს.