საპატიო დოქტორები
დეკანოზი ჩად ჰეტფილდი
ჩად ჰეტფილდი დაიბადა 1953 წელს. 1975 წელს მან კანზასის სამხრეთ-დასავლეთის კოლეჯში მოიპოვა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 1978 წელს მიენიჭა ნაშოტაჰის სასულიერო სემინარიის ღვთისმეტყველების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 1988 წელს, ამავე სემინარიის თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 1994 წლის 5 იანვარს, ჩრდილოეთ ამერიკაში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის კანზასის ქალაქ უიჩიტოს ეპისკოპოსმა ბასილმა, მას, ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 6 იანვარს აკურთხა მღვდლად.
1994-2002 წლებში მამა ჩად ჰეტფილდი იყო კანზასის ქ. სალინას ყოველთა წმინდანთა სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მოძღვარი. 2001 წელს პიტსბურგის თეოლოგიურ სემინარიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მართლმადიდებელ ეკლესიაში სამოძღვრო პრაქტიკის შესახებ და მიენიჭა ღვთისმსახურების (პრაქტიკული თეოლოგიის) დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1995-2008 წწ. იგი იყო ფლორიდს შტატის ქ. წმ. ავგუსტინეს მართლმადიდებლური მისიონერული ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი, 1997-1999 წწ. იყო კანზასის შტატის, ქ. ლინდსბორგის ბეთანიის კოლეჯის რელიგიის ინსტრუქტორი, 2002-2007 წწ. იყო წმ. ჰერმანის სახელობის სემინარიის დეკანი (ქ. კოდიაკი, ალიასკა), 2003-2007 წწ. იყო ალიასკის ეპარქიის ქ. კოდიაკის სამრევლოების ხელმძღვანელი. იმავე წლებში იყო ალიასკის საეპარქიო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2007 წწ. იყო კოდიაკის კოლეჯის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
2003-2008 წწ. დეკანოზი ჩად ჰეტფილდი იყო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მართლმადიდებლური მისიონერობის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, 2007-2016 წწ. იყო ნიუ-იორკის წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის კანცლერი. 2005 წლიდან დღემდე იგი არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიური განათლების საკითხთა საბჭოს წევრი, ამავე წლიდან იგი არის ქრისტიანული ბიოეთიკის სარედაქციო საბჭოს წევრი, 2011 წლიდან დღემდე არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს საშინაო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წლიდან დღემდე არის გვატემალას ინტერდისციპლინურ კვლევათა ინსტიტუტის სენატის წევრი, 2016 წლის 30 ნომებრიდან დღემდე კი არის ნიუ-იორკის წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტი.
საღვთისმეტყველო განათლების სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის 2008 წელს ნაშოტაჰის სემინარიამ დეკანოზ ჩად ჰეტფილდს მიანიჭა ღვთისმეტყველების საპატიო დოქოტრის წოდება, 2017 წელს კი რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა იგი დააჯილდოვა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენით - წმ. იოანე ოქროპირის ჯვრით. 2017 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის წმ. ვლადიმერის სემინარიამ იგი დააჯილდოვა წმ. მაკრინეს სახელობის ორდენით.
დეკანოზი ჩად ჰეტფილდი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი, რედაქტორი და გამომცემელი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, წმ. ვლადმიერის სემინარიაში იგი უძღვება ევანგელიზაციის, მისიოლოგიის და სამრევლოთა ადმინისტრირების კურსებს.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2019 წლის 29 მარტის დადგენილებით საღვთისმეტყველო განათლების შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მის მაღალღირსებას, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტს, დეკანოზ ჩად ჰათფილდს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 3 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.