announcements
საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე (EN)
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საქართველოს ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება და პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ) განცხადება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად საუნივერსიტეტო გამოცდებზე დაშვების თხოვნის შესახებ;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მისივე დედნის წარდგენით - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა);
ე) ფერადი ფოტოსურათი (2 ცალი / 3X4-ზე), ელექტრონული ვერსიითურთ.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ცხადდება და ჩატარდება შემდეგ საგნებში:
- ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე:
(ა) უცხო ენა – 22.09.2023 (11:00 სთ.).
(ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – 23.09.2023 (11:00 სთ.).
(გ) ფილოსოფიის საფუძვლები – 25.09.2023 (11:00 სთ.).
- ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე:
(ა) უცხო ენა – 22.09.2023 (11:00 სთ.).
(ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – 23.09.2023 (11:00 სთ.).
თითოეული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ფასდება 100-ქულიანი სისტემით და იგი ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება დადგენილი წესით მის მიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისა და პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ, უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის დადებული ხელშეკრულებითა და უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
საკონტაქტო პირი: ინგა ალანია - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ასისტენტი. ელ-ფოსტა: ngu.ialania@gmail.com, მობ.: 599 42 90 21.