News
დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია (EN)
2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მიტროპოლიტმა კალისტემ წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ და ისაუბრა მიტროპოლიტ კალისტეს დამსახურებასა და ღვაწლზე მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემოსვანეთის და გურიის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, ქ. ფოთის მერმა, ბატონმა გოჩა კრდღელიამ მიტროპოლიტი კალისტე ფოთის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.
დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე უეარი თვალსაჩინო თანამედროვე მართლმადიდებელი საეკლესიო მოღვაწე და თეოლოგია. 1966-2001 წწ. იგი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა განხრით, მოგვიანებით კი, იყო კემბრიჯის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიტროპოლიტი კალისტე არის არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და თეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი; მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს ოცდაათ ენაზე.