announcements

ცხადდება საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე (EN)

ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საქართველოს ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით/შინაგანაწესით დადგენილი წესით, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება და პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო  გამოცდების შედეგების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ბ) განცხადება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად საუნივერსიტეტო გამოცდებზე დაშვების თხოვნის შესახებ;

გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მისივე დედნის წარდგენით - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა);

ე) ფერადი ფოტოსურათი (2 ცალი / 3X4-ზე), ელექტრონული ვერსიითურთ.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ცხადდება და ჩატარდება შემდეგ საგნებში:

 

  1. ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე:

(ა) უცხო ენა – 21.09.2020 (11:00 სთ.).

(ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – 22.09.2020 (11:00 სთ.).

(გ) ფილოსოფიის საფუძვლები – 23.09.2020 (11:00 სთ.).

 

  1. ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე:

(ა) უცხო ენა – 21.09.2020 (11:00 სთ.).

(ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – 22.09.2020 (11:00 სთ.).

თითოეული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ფასდება 100-ქულიანი სისტემით და იგი ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება.

უნივერსიტეტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება დადგენილი წესით მის მიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისა და პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ, უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის დადებული ხელშეკრულებითა და უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

რექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უნივერსიტეტის სტუდენტი - მაგისტრანტი. მითითებული განკარგულებითი დოკუმენტი 2020 წლის 5 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. ასევე უნივერსიტეტმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.