სიახლეები
სამეცნიერო კონფერენცია - ფილოსოფია თანამედროვე საქართველოში
2026 წლის 1-2 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „ფილოსოფია თანამედროვე საქართველოში“. სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა თანამედროვე ქართულ აკადემიურ სივრცეში მიმდინარე ფილოსოფიური კვლევების ძირითადი მიმართულებების, თემატიკისა და პრობლემატიკის წარმოჩენას. კონფერენციის კონცეპტუალური ფოკუსი მიმართული იყო იმ თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციების გაანალიზებაზე, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრავს ფილოსოფიის განვითარებას საქართველოში, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ აკადემიურ კონტექსტში. კონფერენცია გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. კონფერენციის სესიებს ხელმძღვანელობდნენ პროფ. გიორგი ხუროშვილი და ასოც. პროფ. ირაკლი კახიძე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
- ლალი ზაქარაძე (ფილოსოფიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი) - თანამედროვე ქართული ფილოსოფიის პრიორიტეტები.
- არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი) - ქრისტიანული ფილოსოფია და თანამედროვე საქართველოს ღირებულებითი გამოწვევები.
- ნიკოლოზ კოპალეიშვილი (ფილოსოფიის დოქტორი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი) - ანტიკური კონცეფციის სრულყოფა ქრისტიანობაში - „ეროსის“ არეოპაგიტული გააზრება.
- გიორგი გოგუა (ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტის ლექტორი) - თანამედროვე ქართული ფილოსოფიის მისია.
- თორნიკე გოგინაშვილი (ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი) - სიგნიფიკაციის თეორია, მენტალური სიტყვა და ენუნსიაცია, როგორც თეოლოგიური სემანტიკური სამკუთხედის ანალოგია.
- მირიან გუნია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი / ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით) - ძველი ქართული ენისა და ქართული ხელნაწერების შესწავლის როლი თანამედროვე ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარების პროცესში.
- ბექა ძოწენიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი / ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით) - იოანე ბატონიშვილის სამართლებრივ-სოციალური კონცეფცია: საზოგადოების სამართლებრივ-სოციალური წყობა და განათლების მნიშვნელობა.
- ლაშა ხარაზი (ფილოსოფიის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი) - ყოფნისტორიული აზროვნება და დუმილის გამოცდილება.
- ლევან გეგეშიძე (პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი) - სამართლიანი ომის თეორიის კრიტიკა პოლიტიკური რეალიზმის პერსპექტივიდან: მორალი, ძალა და უკიდურესი საგანგებო მდგომარეობა.
- გიორგი ჭანიძე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით) - რიჩარდ სუინბერნის პასუხი კითხვაზე - რატომ არის ღმერთი სამყაროს საუკეთესო ახსნა?