News

თენგიზ ირემაძის პროფესურა კასელის უნივერსიტეტში (EN)

01.02.2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე 2026 წლის 24-31 იანვარს პროფ. ტომ კლეფმანის მიწვევით სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა კასელის უნივერსიტეტში (გერმანია). მან მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექცია-სემინარები ჩაატარა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტზე „რწმენისა და ცოდნის“ და „თეოლოგიური ეთიკის“ შესახებ, ხოლო 2026 წლის 30 იანვარს კი სამეცნიერო კონფერენციაზე „რწმენა და გონება“ წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე: „რწმენა და გონება მართლმადიდებლურ ტრადიციაში“. ეს სამეცნიერო ღონისძიება ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფოსები, თეოლოგები, ეკლესიის ისტორიკოსები და სხვ. პროფ. თ. ირემაძის მოხსენებაში ისტორიულ-სისტემურ ჭრილში განხილული იყო რწმენისა და გონების/ცოდნის, რელიგიისა და ფილოსოფიის/მეცნიერების ურთიერთმიმართების იმგვარი ასპექტები, რომლებიც ბიზანტიურ აზროვნებასა და შუა საუკუნეების ქართველ ფილოსოფოსთა/თეოლოგთა ნაშრომებში გვხვდება და მოიცავს დიდ პერიოდს XI საუკუნიდან ვიდრე რენესანსის ეპოქამდე. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიაში რწმენისა და გონების ურთიერმიმართების ეპისტემოლოგიურ და პრაქტიკულ კონტექსტს, რომლის საფუძველზეც მომხსენებელმა საკუთარი ჰერმენევტიკულ-ინტერპრეტატორული მიდგომის შედეგად შუა საუკუნეების ქართულ მართლმადიდებლურ აზროვნებაში რწმენისა და გონების მიმართების სუბორდინაციული (ეფრემ მცირე), კოორდინაციული (არსენ იყალთოელი) და იზოსთენიური (იოანე პეტრიწი) მოდელები წარმოადგინა. მომხენებელმა შემაჯამებელ ნაწილში ისაუბრა ადამიანისთვის რწმენისა და გონების/ცოდნის ტოლპირველად მნიშვნელობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა ამ ორი საწყისის განუყოფელი ერთიანობის შესახებ „პატრისტიკული ხედვისა“ და „შუა საუკუნეების ქართული მოდელის“ კომპარატივისტული კვლევის მნიშვნელობასა და პერსპექტივებს. გარდა ამისა, პროფ. თ. ირემაძემ საქმიანი შეხვედრები გამართა კასელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ფილოსოფიის, კათოლიკური თეოლოგიისა და ევანგელური თეოლოგიის ინსტიტუტთა წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში მიმდინარე უახლეს სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც მიმართულია ქართული ფილოსოფიის ისტორიის ახლებურ ხედვასა და ინტერპრეტაციაზე, კავკასიური ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიის ისტორიის ახალი კვლევითი მიმართულების დაფუძნებაზე, მართლმადიდებლური ფილოსოფიური თეოლოგიისა და ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიულ-სისტემური რეაბილიტაციის უახლეს ცდებზე. მსჯელობისას საგანგებოდ აღინიშნა ის ფაქტი, რომ ამ მიმართულებებმა დიდად განსაზღვრა ქართული თეორიული აზროვნების (ფილოსოფიისა და თეოლოგიის) ფორმირების პროცესი. აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ამ ტიპის სამეცნიერო კვლევებმა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს თანამედროვე ფილოსოფიურ-თეოლოგიური დისკურსის განვითარების პროცესშიც.