სიახლეები

პროფესორ თენგიზ ირემაძის მოხსენება პარიზში

15.11.2025

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ირემაძემ 2025 წლის 14 ნოემბერს პარიზში, Ecole Pratique des Hautes Etudes-ში, წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე: „პითაგორა საქართველოში. პითაგორას აზროვნების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ“. ეს სამეცნიერო ღონისძიება ჩატარდა დიდი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „პითაგორა აღმოსავლეთში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი „ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების ფონდის“ (Fondation Maison des sciences de l’homme) მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს პითაგორასა და პითაგორეიზმის შემსწავლელი საააზროვნო ტრადიციებისა და სპეციალისტების ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებათა ვრცელ სერიას, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2025 წლის 14 ნოემბრის სამეცნიერო სხდომა ეხებოდა პითაგორასა და პითაგორეიზმის ისტორიას ქართულ, სომხურ და კოპტურ ტრადიციებში. პროფ. თ. ირემაძის მოხსენებაში ისტორიულ-სისტემურ ჭრილში განხილული იყო პითაგორას მოძღვრების ის ასპექტები, რომლებიც ქართველ ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ნაშრომებში სენტენციების/ფრაგმენტების სახით გვხვდება და მოიცავს ქართული ფილოსოფიის დიდ პერიოდს გვიანანტიკური საწყისებიდან ვიდრე XX საუკუნემდე. პითაგორასა და პითაგორეიზმის ისტორია ქართულ ტრადიციაში ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში იყო მოცემული, რას იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა და ანალიზი, კრიტიკა და მეტაკრიტიკა, ძირითადად, ქრისტიანული პერსპექტივიდან ხდებოდა. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის მთავარი წარმომადგენლის, იოანე პეტრიწის (XII ს.) ისტორიულ-სისტემურსა და ეპისტემოლოგიურ მიდგომას პითაგორასა და პითაგორელების მიმართ, რომელიც ბერძნული ანტიკური აზროვნების ამ დიდი ტრადიციის ათვისების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რეცეფციის ისტორიის ამ ხაზის გაგრძელებად შეიძლება იქნეს განხილული შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური და თეოლოგიური თარგმანები (იოანე დამასკელი, ამონიოს ერმისი და სხვ.), რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან პითაგორული ტრადიციის შესახებ. პითაგორასა და პითაგორელების მოძღვრების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის, კრიტიკისა და მეტაკრიტიკის, ასევე, მისი რეაბილიტაციის მეტად საყურადღებო ცდებია მოცემული ახალი დროის ქართველ ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ნაშრომებში (სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, ანტონ პირველი, იონა ხელაშვილი, იოანე ბატონიშვილი და სხვ.). პროფ. თ. ირემაძის მოხსენების ძირითადი ღერძი აგებული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში მიმდინარე უახლეს სამეცნიერო კვლევებზე, რომლებიც მიმართულია ქართული ფილოსოფიის ისტორიის ახალ ხედვასა და ინტერპრეტაციაზე, ასევე, კავკასიური ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიის ისტორიის ახალი საკვლევი მიმართულების დაფუძნებაზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური მიდგომებისა და ჰერმენევტიკული წიაღსვლების შედეგად პროფ. თ. ირემაძის მოხსნებაში ნათლად გამოიკვეთა პითაგორასა და პითაგორეიზმის ადგილი და განისაზღვრა მისი როლი ქართული თეორიული აზროვნების (ფილოსოფიისა და თეოლოგიის) ფორმირების პროცესში.