საპატიო მკვლევრები

პროფესორი ჯაკომო რინალდი

10.10.2019

პროფესორი ჯაკომო რინალდი დაიბადა ბერგამოში (იტალია) 1954 წლის 25 ივლისს. გიმნაზიის დასრულების შემდგომ ის ფილოსოფიას სწავლობდა მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სადოქტორო დისერტაცია (1978 წ.) ეძღვნებოდა ე. ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგიის ჰეგელიანურ კრიტიკას. ეს ნაშრომი მისი პირველი წიგნის სახით გამოვიდა - „ფენომენოლოგიური გნოსეოლოგიის კრიტიკა“ (ნეაპოლი, 1979 წ.)

პროფ. რინალდის აზროვნების მნიშვნელოვან ასპექტს ქმნის მისი მიმართება ბრიტანული იდეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელთან, ეროლ ჰარისთან. 1984 წელს პროფ. რინალდიმ გამოსცა წიგნი „ნარკვევი ჰარისის მეტაფიზიკის შესახებ“ (ბოლონია). მოგვიანებით, პროფ. რინალდიმ ჰარისის სხვა ნაშრომებთან ერთად თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა  და დაბეჭდა ჰარისის წიგნი სპინოზას შესახებ „გამოხსნა სასოწარკვეთისგან - სპინოზას ფილოსოფიის ახლებური შეფასება“ (1991). 1991-დან 2001 წლამდე პროფ. რინალდი ურბინოს უნივერსიტეტის მკვლევრად მუშაობდა, სადაც დააარსა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეპისტემოლოგიის კვლევითი ცენტრი“. 2001 წელს ის გახდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი მორალის ფილოსოფიის განხრით, 2002 წელს კი, თეორიული ფილოსოფიის განხრით.

პროფ. რინალდის პუბლიკაციებში აღსანიშნავია რელიგიის ფილოსოფიის შესახებ გამოქვეყნებული მონოგრაფია Ragione E Verita („დასაბამი და ჭეშმარიტება. რელიგიის ფილოსოფია და ყოფიერების მეტაფიზიკა“, რომი, 2010). მას აქვს 20-მდე ვრცელი მონოგრაფია, 100-ზე მეტი სტატია. აღსანიშნავია მისი მონოგრაფიები: „ჰეგელის ლოგიკის ისტორია და ინტერპრეტაცია“ (ინგლისურ ენაზე, ლევისტონი, ნიუ-იორკი, 1992); „დიალექტიკა, ხელოვნება და საზოგადოება. ნარკვევი თ. ადორნოს შესახებ“ (ურბინო, 1994); „თანამედროვე იდეალიზმი სპეკულატურ ფილოსოფიასა და სამყაროს კონცეფციას შორის“ (ურბინო, 1998); „ეთიკის თეორია“ (2004); „აბსოლუტური იდეალიზმი და თანამედროვე ფილოსოფია. ჰეგელის აზროვნების მნიშვნელობა და აქტუალობა“ (გერმანულ და ინგლისურ ენაზე, ფრანკფურტი, პეტერ ლანგი, 2012); „მოდერნული იდეალიზმის ეთიკა“ (რომი, 2016).

ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად პროფ. რინალდი არჩეულია რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად. მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.

2019 წლის 10 ოქტომბერს, პროფ. ჯაკომო რინალდი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრად. 

 პუბლიკაციების ნუსხა