ფილოსოფია და თეოლოგია დღეს

ღმერთი ქმნის სრულყოფილი თავისუფლებით და, ამგვარად, შექმნილი სამყარო მისი თავისუფალი ნების გამოვლენაა. მაგრამ, ამავდროულად, სამყაროს შექმნით ღმერთი აჩვენებს სიყვარულის ჭეშმარიტ ბუნებას. წმ. დიონისე არეოპაგელის სიტყვებით რომ ვთქვათ - „ღვთაებრივი ეროსი ექსტატურია“. არეოპაგელს მხედველობაში აქვს ტერმინ ekstasis სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, ე.ი. „საკუთარ თავს მიღმა ყოფნა“. ღმერთმა იმიტომ შექმნა სამყარო, რომ მისი სიყვარული გამჭოლი და თვითდიფუზიურია; ამ ჭარბი სიყვარულის გარეშე სამყარო არ იარსებებდა. ამგვარად, განა უფრო უპრიანი არ იქნებოდა, რომ ex nihilo-სგან (არარასგან) შექმნის ნაცვლად, ex amore-საგან (სიყვარულისგან) შექმნის შესახებ გვესაუბრა?!

22.08.2019

ამ პერიოდის ქართველი მოაზროვნეები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ბერძნული ენისა და ლიტერატურისადმი, ძველქართულ ენაზე თარგმნეს მრავალი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ტექსტი და ამ პროცესში მათი ინტერესის საგანი გახდა ნეოპლატონიკოსები და პროკლე. იოანე პეტრიწის (XII ს.) სახით პროკლემ კონგენიალური კომენტატორი და მთარგმნელი პოვა; გასაოცარია, რომ ამ წყაროებმა გაუძლო იმ დიდ რყევებს, რაც ქართულმა კულტურამ გარე თუ შიდა ხელშემშლელი ფაქტორების გამო განიცადა შემდგომ საუკუნეებში. საქართველოში პეტრიწს დიდი გავლენა ჰქონდა, რასაც მის შესახებ არსებული ვრცელი სპეციალური ლიტერატურის სია აჩვენებს: ვინც თ. ირემაძის დისრეტაციას გაეცნობა, ის ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციებს მიიღებს. 

07.06.2019

თავისუფლების ცნების გაგება საკმაოდ განსხვავებულია, მას სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. თავისუფლება მეტაფიზიკური მნიშვნელობით, როცა ეს ცნება ნების თავისუფლებად მოიაზრება, ადამიანური ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და სიკეთესა და ბოროტებას შორის პიროვნების შინაგანი არჩევანით გამოიხატება. ქრისტიანული სწავლების თანახმად, ნების თავისუფლება იმ თვისებად გვევლინება, რომლის დაკარგვაც პიროვნების დეგრადაციას იწვევს. ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავის აქვს გავლენა: არც საზოგადოებას, არც კანონებს, არც ხელისუფლებას, არც დემონებს, არც ანგელოზებს და არც თვით უფალს. მაგრამ როგორც კი ნებელობის თავისუფალი აქტი გარე სამყაროში იწყებს განხორციელებას, „მატერიალიზაციას“, ის მრავალგვარ წინააღმდეგობას აწყდება. ადამიანის თავისუფალ მოქმედებას ზღუდავს კანონი, წეს-ჩვეულებები, საზოგადოებრივი მორალი... ეს თავისუფლების სოციალური გაგებაა.

17.05.2019

არეოპაგიტული კორპუსის ავტორი საოცრად კარგად და საფუძვლიანად იცნობს ქრისტიანულ რელიგიას, მის დოგმებსა და რიტუალებს, განსაკუთრებით კი, ბიბლიას. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსების ირგვლივ არსებული სოციოკულტურული გარემო უკვე ქრისტიანობის გავლენით იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, არაქრისტიანისთვის საკმაოდ ადვილი იყო ქრისტიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დამასკიოსი მეგობრობდა ასკლეპიადესთან, რომელიც განსაკუთრებით კარგად იცნობდა ეგვიპტურ რელიგიას და უნივერსალური თეოლოგიური სინთეზის განხორციელებას ესწრაფოდა. თავად დამასკიოსიც დაინტერესებული იყო უცხო რელიგიებით, რასაც ადასტურებს მისი ნაშრომი სათაურით „საწყისების შესახებ“. 

27.03.2019

ადამიანი თავისუფალია და, ამდენად, პასუხისმგებელიც. პასუხისმგებლობა თავისუფლების სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. პასუხისმგებლობა არის იქ, სადაც არის თავისუფლება. ადამიანი აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე, რადგან მას აქვს ნების თავისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა თავისუფლების შედეგია. ადამიანის მრავალ განსაზღვრებათა გვერდით მისი განსაზღვრება homo responsibilis-ად („ადამიანი - პასუხისმგებლობის მქონე არსება“), შესაძლოა, ყველაზე მეტად განსაზღვრავდეს homo politicus-ის ონტოლოგიურ სტატუსს.

15.03.2019

თავისუფალი უნივერსიტეტები მხოლოდ დემოკრატიის პირობებში არსებობენ და პირუკუ, დემოკრატია მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტების პირობებში არის შესაძლებელი. თავისუფალი უნივერსიტეტი სხვა არაფერია თუ არა განმანათლებლობის საფუძველმდებარე იდეებზე აგებული საგანმანათლებლო დაწესებულება. როცა გერმანიაში 1930-იან წლებში ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ ამით გერმანიაში განმანათლებლობის იდეები მოკვდა. მსგავსი რამ მოხდა ყოფილი ცარისტული რუსეთის იმპერიაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შედეგად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განმანათლებლობის იდეები დიდი პოპულარობით არც ცარიზმის დროს სარგებლობდნენ.

27.02.2019

აზროვნების ისტორიაში თავისუფლების არსის, იდეის, ცნების მრავალი საყურადღებო ასპექტი გამოიკვეთა, თუმცკი, ხშირად, უსარგებლო სპეკულაციებსაც ჰქონდა ადგილი. თუკი მხედველობაში მივიღებთ თავისუფლების გააზრების მთელს ისტორიას, ისეთ შემთხვევებსაც წავაწყდებით, როცა ამ თემის ირგვლივ დაბნეულობა და აბსურდული სპეკულაციებიც კი მკვიდრდებოდა. მიუხედავად ამისა, ფილოსოფიის ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ თავისუფლება არის უნარი, შესაძლებლობა – გააკეთო ის, რაც გსურს და უარი თქვა იმაზე, რაც არ გსურს! სწორედ თავისუფლების ამგვარი („ნეგატიური“) გაგებაა წინამდებარე სტატიაში ჩვენი კვლევის სახელმძღვანელო პრინციპი.

25.02.2019

თავისუფლება ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა. იონა ხელაშვილი კი ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. წინამდებარე სტატიაში გადმოცემულია თავისუფლების მეტაფიზიკური გაგება იონა ხელაშვილის მიერ. თავისუფლების პრობლემის მისეული ხედვა მეტად საინტერესო ასპექტებს მოიცავს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ იონა ხელაშვილი თავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქართველ თეორეტიკოსადაც მივიჩნიოთ.

სამწუხაროდ, იონა ხელაშვილის შესახებ ბევრი არ დაწერილა. მიგვაჩნია, რომ მისი პიროვნება უსამართლოდ იყო  მივიწყებული და სათანადოდ არ იყო წარმოჩენილი. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა გარკვეული სიცხადე შეიტანა მისი ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალში; ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მოცემული სტატია დაგვეწყო იონა ხელაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი ეტაპების შესახებ საუბრით.

20.02.2019