Philosophy and Theology Today

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო? (EN)

22.08.2019

უწინარეს ყოვლისა, მოდით, განვიხილოთ საფუძველმდებარე პრინციპები. რატომ გადაწყვიტა ღმერთმა სამყაროს შექმნა? ეს უპასუხო შეკითხვაა, თუმცა, მის დასმას ვერ ავცდებით. მოდით, ამ კითხვაზე პასუხი ბერძენ მამებთან, კერძოდ კი, მაქსიმე აღმსარებელთან ვეძიოთ; მისი პასუხი სხვებზე უფრო დამაჯერებელი ჩანს, როცა იგი ნაშრომში „ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ“ ამ საკითხზე საუბრობს ურთიერთსიხარულის კონტექსტში:

„ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი არმყო­ფობიდან ყოფად მოიყვანა არა იმიტომ, რომ, რატომღაც, ეს მისთვის საჭირო იყო, არამედ იმისთვის, რომ ისინი, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ღვთიური ნეტარების თანაზიარნი ყოფილიყვნენ და გაეხარათ. თავად ღმერთი ხარობდა თავის საქმეთა გამო, რადგან მათ მხიარულებსა და სიხარულით აღვსებულთ ხედავდა.“

ის, რასაც აქ წმ. მაქსიმე ურთიერთსიხარულის შესახებ ამოწმებს, თანაბრად შეიძლება გავიგოთ ურთიერთსიყვარულის კონტექსტშიც. წმ. იოანე ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია (1 იოანე, 4:8). ეს ღვთაებრივი სიყვარული მხოლოდ თავისი თავის სიყვარული როდია, არამედ ურთიერთსიყვარული და თანაზიარი სიყვარულია. ღმერთი არ არის უბრალოდ მონადა, ჩაკეტილი, იზოლირებული, რომელსაც მარტო თავისი თავი უყვარს. ღმერთი სამებაა: მამა, ძე და სულიწმინდა, რომელთაც უყვართ ერთურთი და ერთიანდებიან უწყვეტ მოძრაობაში ანდა პერიხორისისში. ღმერთი არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ინტერპიროვნულიცაა, არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთობაცაა, ერთ-ერთი დამახასიათებელი სიტყვა, რომელსაც კაბადოკიელი მამები იყენებენ სამების აღსაწერად, არის სწორედ ერთობა ანდა koinonia.

ამგვარად, თუკი ღმერთი, წმინდა სამება, არის ურთიერთსიყვარულის საიდუმლო, მაშინ, მის ბუნებასთან ერთდროულად შესაბამისობაში და თანხმობაშიცაა ის, რომ მან გადაწყვიტა სამყაროს შექმნა, რათა, მის გარდა, სხვებსაც გაეზიარებინათ წმინდა სამების სიყვარული. თუმცა, ამით მე სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ ღმერთი, რაიმენაირად, იძულებული იყო შეექმნა სამყარო, პირიქით, არც ღმერთში და არც მის გარეთ არ ყოფილა რაიმე ისეთი, რაც მას სამყაროსათვის დასაბამის მიცემას აიძულებდა; ის სრული თავისუფლებით მოქმედებდა. სამყაროს სჭირდება ღმერთი, მაგრამ ღმერთს არ სჭირდება სამყარო. მამა გიორგი ფლოროვსკის სიტყვებით რომ ვთქვათ:

„სამყარო არსებობს, მაგრამ მის არსებობას ჰქონდა დასაბამი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სამყაროს არც ეარსება. სამყაროს არსებობის არავითარი საჭიროება არ არის... სამყაროს შექმნის აქტით ვლინდება ღმერთის თავისუფლება, სიყვარულის თავისუფლება.“

ღმერთი ქმნის სრულყოფილი თავისუფლებით და, ამგვარად, შექმნილი სამყარო მისი თავისუფალი ნების გამოვლენაა. მაგრამ, ამავდროულად, სამყაროს შექმნით ღმერთი აჩვენებს სიყვარულის ჭეშმარიტ ბუნებას. წმ. დიონისე არეოპაგელის სიტყვებით რომ ვთქვათ - „ღვთაებრივი ეროსი ექსტატურია“. არეოპაგელს მხედველობაში აქვს ტერმინ ekstasis სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, ე.ი. „საკუთარ თავს მიღმა ყოფნა“. ღმერთმა იმიტომ შექმნა სამყარო, რომ მისი სიყვარული გამჭოლი და თვითდიფუზიურია; ამ ჭარბი სიყვარულის გარეშე სამყარო არ იარსებებდა. ამგვარად, განა უფრო უპრიანი არ იქნებოდა, რომ ex nihilo-სგან (არარასგან) შექმნის ნაცვლად, ex amore-საგან (სიყვარულისგან) შექმნის შესახებ გვესაუბრა?!


თუკი, შესაქმე ჩაფიქრებულია როგორც ურთიერთსიხარულისა და ურთიერთსიყვარულის გამოხატვა, მაშინ, ცხადია, ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს შესაქმის ‘დეისტური’ მოძღვრება, რომელიც სამყაროს განიხილავს როგორც არტეფაქტს, რომელსაც ღვთაებრივი შემოქმედი ქმნის გარედან როგორც არქიტექტორი ან ინჟინერი. ჩვენ მას ვერც საათად განვიხილავთ, რომელსაც მესაათე მხოლოდ თავიდან მომართავს, შემდეგ კი თავისით წიკწიკებს. არა, ეს ხედვები უდავოდ მცდარია. წმ. მაქსიმესა და წმ. დიონისეს მიერ დამოწმებული მიდგომის თანახმად, შესაქმისას, ღმერთი გარედან როდი მოქმედებს, არამედ შიგნიდან, მასში გამოხატავს თავის თავს. ღმერთი არა მხოლოდ ყველაფრის მიღმაა, არამედ ყველაფერშიც არის. როდესაც სამყაროსადმი ღმერთის მიმართებას აღვწერთ, იმთავითვე ფორმირების, ზემოქმედებისა და ორგანიზების სურათები როდი უნდა წარმოვიდგინოთ, არამედ უნდა ვიფიქროთ ღმერთის მარადისმყოფობასა და ყველგანმყოფობაზე. როცა ვამბობთ, რომ ღმერთი სამყაროს შემქნელია, ამით იმას ვგულისხმობთ, რომ ის ‘ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს’, როგორც ამას ქრისტესა და სულიწმინდის მართლმადიდებლური თაყვანისცემისას წარმოვთქვამთ ხოლმე.

ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მომდევნო აზრი. შესაქმე უნდა გავიგოთ არა როგორც წარსულში მომხდარი ერთჯერადი მოვლენა, არამედ _ აწმყოში მიმდინარე ურთიერთობა. სამყარო იმიტომ არსებობს, რომ ღმერთს უყვარს ის და არა იმიტომ, რომ მას ის ოდესღაც, თავდაპირველად, უყვარდა; მას ის აქ და ახლა უყვარს, ამ კონკრეტულ და ყველა მომდევნო წამს. ამგვარად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა წარსულ, არამედ აწმყო დროში. ჩვენ იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, ‘რომ ღმერთმა, ერთ დროს, შორეულ წარსულში შექმნა სამყარო’, არამედ უნდა ვთქვათ, რომ ‘ღმერთი ქმნის სამყაროს, გვქმნის მე და შენ მასში, ეს ასეა ახლა და ასე იყო ყოველთვის’. თუკი ღვთაებრივი შემოქმედი თავის დემიურგულ ნებას ყოველ კონკრეტულ წამს არ გამოავლენს, სამყარო არარას სიცარიელეში გაუჩინარდება. წმ. ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით რომ ვთქვათ - „ყოველივე შექმნილი ეყრდნობა ღმერთის შემოქმედებით სიტყვას, როგორც ალმასის ხიდს. მათ თავზე ღვთაებრივი უსასრულობის სიღრმეა გადაშლილი, ქვემოთ კი მათივე არარაობის უფსკრული“. ღმერთის შემოქმედებითი სიტყვა, რომლისგანაც წმ. ფილარეტისეული `ალმასის ხიდი~ შედგება, არის არა ერთხელ, არამედ უწყვეტად წარმოთქმული სიტყვა: სიტყვა, რომელიც ითქმოდა გუშინ, ითქმის დღეს და ითქმება მუდამ, ‘ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე’ (მათე, 28:20).

სამყარო, როგორც ღმერთის შესაქმე, მისი თავდაპირველი არსით კარგია: ‘დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო’ (დაბ. 1:31). მაგრამ, ამავდროულად, ეს სამყარო დაცემული, შებილწული და გახრწნილია, გარყვნილია და დამძიმებულია საკუთარი ან ‘მემკვიდრეობითი’ ცოდვით, თითოეული ჩვენგანის პირადი ცოდვებით. როგორ წმინდა პავლე ამბობს, `მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე~ (რომ. 8:22). მაგრამ დაცემა საყოველთაო არ არის. შექმნილი წესრიგი, თუნდაც მისი დაცემული მდგომარეობით, მოწმობს ღმერთის თანამყოფობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი უწინდელი წესრიგი მოირღვა, კოსმოსი კვლავაც მშვენიერია. ამგვარად, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია მწუხრისას წარმოვთქვათ შემდეგი სიტყვები: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი უფალო!“

სამყაროს ამ შინაგან სიკეთესა და მშვენიერებას ჩინებულად გადმოსცემს ანონიმი ავტორი XIX საუკუნის რუსული კლასიკური ნაწარმოებისა „მომლოცველის გზა“. უკიდეგანო ტყეში ხეტიალისას, კითხულობდა რა იესოს ლოცვას, მომლოცველმა იგრძნო, რომ მისი გული აღივსო კაცთა მოდგმისა და ღმერთის მთელი ქმნილების ყოვლისმომცველი სიყვარულით: „როდესაც... მე ვლოცულობდი მთელი გულით, ყოველივე ჩემს გარშემო საუცხოო და საამური იყო. ხეები, ბალახი, ჩიტები, მიწა, ჰაერი და ნათელი თითქოს იმას მეუბნეობდა, რომ... ყოველი არსი ლოცულობდა ღმრთისადმი და უგალობდა მის დიდებას. სწორედ ამგვარად შევიცანი მე ის, რასაც ‘სათნოებათმოყვარეობაში’ ეწოდება ‘ცოდნა ყოველივე ქმნილების ენისა'“. იმ მომენტში, მისი გამოცდილება ილუზია კი არ იყო, არამედ შექმნილი სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების ნამდვილი შემეცნება.

დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

 

წიგნიდან „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“, თბილისი, 2019.

ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა

რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თ. ირემაძე